ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები
რისგან ხართ დაზღვეული?
ავტომობილის დაზღვევის პირობებით, ანაზღაურდება დაზღვეული ავტომობილისთვის მიყენებული ზიანი ან/და უფლებამოსილი მძღოლის მიერ დაზღვეული ავტომობილის მართვისას მესამე პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისათვის მიყენებული ზიანი, რომელიც გამოწვეულია ქვემოთ მითითებული სადაზღვევო რისკით:
• საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (ავარია).
ვინ შეიძლება იყოს უფლებამოსილი მძღოლი?
დამზღვევი ან დამზღვევის ოჯახის წევრი, რომელიც არის არანაკლებ 25 წლის და აქვს შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის მართვის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.
როგორ აქტიურდება სადაზღვევო პოლისი?
სადაზღვევო პოლისი აქტიურდება პოლისში მითითებული პერიოდის დასაწყისი დღის 24 საათზე, თუ პოლისით განსაზღვრული პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო პრემია გადახდილია სრულად და ავტომობილი მზღვეველის ან მისი წარმომადგენლის მიერ არის დასურათებული (სურათების გადასაღებად პოლისის შეძენისთანავე უნდა მიმართოთ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალს ან დაუკავშირდეთ მზღვეველს ცხელ ხაზზე).
როგორ უნდა მოიქცეთ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას?
• არ გადააადგილოთ დაზღვეული ავტომობილი შემთხვევის ადგილიდან (თუ არ იქნება მითითება სამართალდამცავი ორგანოების ან მზღვეველის მხრიდან);
• დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თიბისი დაზღვევას ცხელ ხაზზე: 242 22 22 და აცნობეთ სადაზღვევო შემთხვევის/ავარიის შესახებ;
• დაუყოვნებლივ დაუკავშირდით საპატრულო პოლიციას.
რა არის დაზღვეული?
ავტომობილის დაზღვევა შედგება 2 სექციისაგან:
A. ავტომობილის ძარის დაზღვევისას - ანაზღაურდება ავტომობილის როგორც სრული, ისე ნაწილობრივი დაზიანება, პოლისში მითითებული ლიმიტის ფარგლებში ფრანშიზის ოდენობის გამოკლებით და
B. მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევისას - ანაზღაურდება დაზღვეული ავტომობილის მართვისას, მესამე პირისათვის ან მის ქონებისათვის მიყენებული ზიანი, პოლისში მითითებული ლიმიტის ფარგლებში.
რომელ ქვეყნებში ვრცელდება დაზღვევა?
• დაზღვევის ტერიტორია მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა).
რა იქნება თქვენი ფინანსური თანამონაწილეობა?
დაზღვევის შესაძენად, უნდა გადაიხადოთ სადაზღვევო პრემია, თქვენს მიერ შერჩეული გრაფიკის შესაბამისად, რასაც ასახული იქნება პოლისში. თქვენი ფინანსური თანამონაწილეობა, განისაზღვრება ფრანშიზის ოდენობით, რაც შეადგენს 200 (ორასი) ლარს თითოეულ და ყველა სადაზღვევო შემთხვევაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ სადაზღვევო შემთხვევაზე გასაცემ ანაზღაურებას დააკლდება სადაზღვევო პოლისში მითითებული ფრანშიზის ოდენობა.
რა არ ანაზღაურდება?
ავტომობილის ძარის დაზღვევისას არ ანაზღაურდება, თუ:
• ავტომობილს მართავდა არაუფლებამოსილი მძღოლი ან არაფხიზელი მძღოლი;
• მძღოლი მანქანას იყენებდა კომერციული დანიშნულებით, გარდა იმ შემთხვევისა თუ პოლისით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (მაგ.: ტაქსი, გაქირავება და ა.შ.);
• სადაზღვევო შემთხვევისას არ სრულად იყო გადახდილი პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო პრემია;
• სადაზღვევო შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ არ შეატყობინეთ მზღვეველს და პოლიციას;
• დაზღვეული ავტომობილი საპირისპირო მიმართულების სამოძრაო ზოლში გადაადგილდებოდა მოძრაობის წესების დარღვევით, გარდა იმ შემთხვევისა როცა არსებობდა სიცოცხლის ან ქონების გადარჩენის აუცილებლობა;
• სადაზღვევო შეთხვევის შემდგომ, მზღვეველთან ან პატრულის მითითების გარეშე, განაგრძეთ მოძრაობა;
• ავარია გამოიწვია ავტომობილის გაუმართაობამ, დაზღვევამდე არსებულმა დაზიანებამ;
• ავტომობილი დაზიანდა მისი, როგორც ტვირთის ტრანსპორტირების დროს;
• ზიანი გამოიწვია თვითმკვლელობის ან თვითდასახიჩრების მცდელობამ;
• ავტომობილი დაზიანდა ნებისმიერი სახის რბოლაში მონაწილეობისას;
• ავტომობილი დაზიანდა აეროპორტის ტერიტორიაზე ან დაზღვევის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ;
• ავტომობილი დაზიანდა რადიოაქტიურ ზონაში;
• დამზღვევი/მოსარგებლე/უფლებამოსილი მძღოლი განზრახ გამოიწვევს ან შეეცდება გამოიწვიოს სადაზღვევო შემთხვევა;
• სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სრულად არ იყო გადახდილი პოლისში მითითებული პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო პრემია;
• დაზღვეული ავტომობილი არ წარგიდგენიათ მზღვეველის წარმომადგენელთან ფოტოების გადასაღებად.
• ავტომობილი ასევე დაზღვეული იყო სხვა სადაზღვევო კომპანიაში, მზღვეველთან შეუთანხმებლად;
• ზიანის აღმოსაფხვრელი ხარჯები მზღვეველთან შეუთანხმებლად იქნა გაწეული;
• დადგა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის სხვა საფუძვლები.
მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევისას, ზემოთ ჩამოთვლილ გამონაკლისებთან ერთად, ასევე არ ანაზღაურდება, თუ:
• დაზარალებული წარმოადგენს პირს, რომელიც შემთხვევის დროს მართავდა დაზღვეულ ავტომობილს ან დამზღვევის/უფლებამოსილი მძღოლის ოჯახის წევრს, დაზღვეული ავტომობილის მგზავრს;
• იმ ქონებისთვის მიყენებული ზიანი, რომელიც არის უფლებამოსილი მძღოლის საკუთრება, ინახება მასთან ან გადაიზიდება დაზღვეული ავტომობილით;
• მესამე პირს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარედა ან გარდაიცვალა, შემთხვევიდან 12 კალენდარული თვის შემდგომ;
• ზიანის აღმოსაფხვრელი ხარჯები მზღვეველთან შეუთანხმებლად იქნა გაწეული;
• ზიანი დადგება სტიქიური მოვლენების შედეგად;
ამომწურავი/დეტალური ჩამონათვალი იმ შემთხვევებისა, რომელიც არ ანაზღაურდება, იხილეთ დაზღვევის პირობების I ნაწილის A5 და B4 პუქნტებში და II ნაწილის პირველ პუნქტში (საერთო გამონაკლისები).
რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს დაზღვევა?
დაზღვევა შეიძლება შეწყდეს, როგორც თქვენი, ისე სადაზღვევო კომპანიის მოთხოვნით, ნებისემიერ დროს, ინიციატორი მხარის მიერ, მეორისთვის დაზღვევის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში წერილობითი შეტყობინების გზით ან დაზღვევის პირობებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში და წესით. დაზღვევა ასევე შეწყდება, თუ თქვენ არ იხდით სადაზღვევო პრემიას და პოლისში მითითებული გადახდის თარითიდან გადაცილებულია 30 კალენდარული დღე.
ინფორმაცია ჩვენი საზედამხედველო ორგანოს შესახებ
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური მისამართი: ქ. თბილისი, აბულაძის ქ. #34
მომხმარებელთა უფლებების დაცვა
დაზღვევის პირობებით ან მომსახურების ხარისხით უკმაყოფილების შემთხვევაში, შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს, დაგვირეკოთ ცხელ ხაზზე: 242 22 22 ან ელექტრონული ფორმით ჩვენი ვებ გვერდიდან: www.tbcinsurance.ge. ასევე, შეგიძლიათ თქვენი საკითხი დააფიქსიროთ ჩვენს წარმომადგენელთან, მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის 24ბ. II სართული. თქვენს შეტყობინებას განიხილავს ხარისხის მართვის განყოფილება, შეტყობინების დაფიქსირებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
წინამდებარე ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, ავტომობილის დაზღვევის პირობები და სადაზღვევო პოლისი წარმოადგენს დაზღვევის ერთიან ხელშეკრულებას. #MO/BOT-D1-01/17 ავტომობილის დაზღვევის პირობების დეტალურად ნახვა შესაძლებელია ჩვენს ვებ გვერდზე www.tbcinsurance.ge.
გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით!