წინამდებარე დოკუმენტში თქვენ ეცნობით სს „თიბისი დაზღვევა“-ს (ს/კ: 405042804) ვებგვერდების online.tbcinsurance.ge-ის, on.tbcinsurance.ge-ისა და go.tbcinsurance.ge-ის ელექტრონული კომერციის ვებგვერდების მოხმარების წესებსა და პირობებს. წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები: ჩვენ - სს თიბისი დაზღვევა თქვენ - ვებგვერდის მომხმარებელი ვებგვერდი - თიბისი დაზღვევის საკუთრებაში არსებული ზემოთ აღნიშნული ვებგვერდები. ამ წესების და პირობების გაცნობით, ჩვენ გვსურს, რომ თქვენ მოგაწოდოთ ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია საიტის მომხმარებელსა და მოხმარებასთან. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სარგებლობთ ჩვენი ვებგვერდებით, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენი ვებგვერდის გამოყენების პირობებს. ზოგადი წესები და მოქმედების სფერო საიტის გამოყენების წესები და პირობები წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებას თქვენ და ჩვენ შორის. თქვენ მიერ სერვისებით სარგებლობის ფაქტი ავტომატურად მოგაქცევთ საიტის გამოყენების წესების და პირობების მოქმედების სფეროში და გულისხმობს იმას, რომ თქვენთვის ცნობილია საიტის გამოყენების წესები და პირობები და სრულად ეთანხმებით მათ. საიტის გამოყენების წესებისა და პირობების მოქმედება თანაბრად ვრცელდება სერვისის მომხმარებელზე, იმის მიუხედავად, თუ რომელი ტექნიკური საშუალების გამოყენებით ხდება სერვისებზე წვდომის მოპოვება, იქნება ეს ვები (WWW), მობილური ტელეფონი, RSS არხი, მესამე პირების მიერ შექმნილი საკომუნიკაციო პლატფორმები თუ სხვა ნებისმიერი საშუალება.

რას ნიშნავს ვებგვერდით სარგებლობა

თიბისი დაზღვევის ვებგვერდის საშუალებით თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, გაეცნოთ ინფორმაციას იმ სადაზღვევო პროდუქტების შესახებ, რომელსაც თიბისი დაზღვევა მომხმარებელს სთავაზობს. ვებგვერდის საშუალებით ასევე შეგიძლიათ გამოთვალოთ დაზღვევის ღირებულება ან შეიძინოთ თქვენთვის სასურველი სადაზღვევო პროდუქტი ან გადაიხადოთ უკვე არსებული პროდუქტის პრემია, გაააქტიუროთ ავტომატური გადახდა პოლისზე (შემდგომში – სერვისები). ავტომატური გადახდის შესახებ გთხოვთ იხილოთ ბმული: https://online.tbcinsurance.ge/ge/automaticpayments ვებგვერდზე განთავსებული ყველა პროდუქტი არის თიბისი დაზღვევის საკუთრება და მათი შეძენა შესაძლებელია ონლაინ. ონლაინ შეძენილი დაზღვევის პოლისი არის იდენტური ფიზიკური არხით გაცემული პოლისისა და მისი გაფორმების წესები ექვემდებარება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას.

ჰიპერბმულები

იმ შემთხვევაში თუ ვებ გვერდზე მოცემულია ჰიპერბმული, რომელიც გადამისამართდება თიბისი დაზღვევის ვებგვერდებზე, მაშინ მოქმედებს ვებგვერდის გამოყენების წინამდებარე პირობა. თუ ჰიპერბმული გადაგამისამართებთ სხვა კომპანიის მფლობელობაში მყოფ საიტზე, მაშინ სხვა საიტის მოხმარების წესები დაექვემდებარება მათივე საიტზე განთავსებულ წესებს.

ანალიტიკის სისტემები

ჩვენი ვებგვერდის გამოყენების გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა ანალიტიკურ სისტემას, როგორიც არის Google-ისა ან Yandex-ის ანალიტიკური სისტემები.

პერსონალური ინფორმაცია

ჩვენ მკაცრად ვიცავთ მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს. დეტალური ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დაცვაზე იხილეთ შემდეგ გვერდზე: https://online.tbcinsurance.ge/ge/confidentiality

ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით

დაზღვევის შეძენის პროცესში, თქვენ გვაწვდით ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც ხდება სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება. იმ შემთხვევაში თუ თქვენ მოგვაწვდით არასწორ ინფორმაციას ჩვენს მიერ საიტის საშუალებით დასმულ შეკითხვაზე, ჩვენ გვექნება უფლება უარი განვაცხადოთ ზარალის ანაზღაურებაზე ან გაგიუქმოთ დაზღვევის ხელშეკრულება.

კონფიდენციალურობის დაცვა

თიბისი დაზღვევა უზრუნველყოფს მისთვის მიწოდებულ კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჩვენი მხრიდან კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება თქვენი წინასწარი თანხმობით, ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ თქვენი პირადი კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული, თიბისი დაზღვევა იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების ჩვენთვის მოწოდების დროს. კონფიდენციალური ინფორმაციის ჩვენთვის მოწოდების დროს, მომხმარებელი ვალდებულია, არ გამოიყენოს ისეთი ავტომატური საშუალებები, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ჩვენს უსაფრთხოებასა და დაცულობას. ვებგვერდის სტუმრობისას, თქვენ მიერ დატოვებული ნებისმიერი „ელექტრონული ნაკვალევი", შესაძლოა გამოყენებულ იქნას თიბისი დაზღვევისთვის დამახასიათებელი ტექნიკური ოპერაციების განსახორციელებლად, სტატისტიკის საწარმოებლად, ან საიტის ხარისხის გასაუმჯობესებლად. წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში თიბისი დაზღვევისთვის მინიჭებულ უფლებას, გაუგზავნოს მომხმარებელს შეტყობინება (მათ შორის, ელექტრონული ფორმით: მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა) ვებგვერდზე მითითებული პროდუქტისა თუ მომსახურების თაობაზე.

საავტორო უფლებები

ის მასალა, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე, მათ შორის ჩვენი სავაჭრო ნიშნ(ებ)ი, ლოგო, განკუთვნილია არაკომერციული გამოყენებისთვის, დაცულია საავტორო უფლებებით, წარმოადგენს სს თიბისი დაზღვევა-ს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს და მათზე სრულად ვრცელდება სს თიბისი დაზღვევა-ს საკუთრების, საავტორო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა თანმდევი ქონებრივი და არაქონებრივი უფლება. აკრძალულია ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, რეპროდუქცირება, დისტრიბუცია, შესრულება, მოდიფიცირება, გარდაქმნა, გადაცემა, შენახვა ან ნებისმიერი სხვა ფორმითა და საშუალებით ექსპლოატაცია.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიღებთ ყველა გონივრულ ზომას და დავნერგეთ ყველა აუცილებელი მექანიზმი იმისთვის, რომ სერვისებზე თქვენი წვდომა იყოს მუდმივი, უწყვეტი და უსაფრთხო, ჩვენ არ ვიძლევით არანაირ გარანტიას ამასთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას იმაზე, რომ სერვისებით ან მათი ცალკეული კომპონენტებით სარგებლობა იქნება კომპიუტერული ვირუსებისგან დაცული. მსგავსი სახის რისკებისგან თავდასაცავად, თქვენ უფლებამოსილი ხართ, მიიღოთ და დანერგოთ პრევენციისა და თავდაცვის ინდივიდუალური ზომები. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ზიანზე (ზარალზე), რომელიც, შესაძლოა, სერვისებით სარგებლობის დროს კომპიუტერულმა დაინფიცირებამ ან პროგრამული ნაწილის ნებისმიერმა დესტრუქციულმა ელემენტმა გამოიწვიოს. ვებგვერდზე წარმოდგენილი შინაარსის ხელმისაწვდომობა შესაძლოა დამოკიდებული იყოს საძიებო სისტემის ფუნქციებსა და შეზღუდვებზე. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებში, თუ ვებგვერდის შემადგენელი გარკვეული კომპონენტები არაა ხელმისაწვდომი თქვენთვის. აგრეთვე, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ზიანზე (ზარალზე), რომელიც, შესაძლოა, ჩვენი სერვისების ან მათი ცალკეული კომპონენტების შეფერხებით ან დაგვიანებით მოწოდებამ გამოიწვიოს.

ცვლილებები

ჩვენ უფლებამოსილები ვართ ნებისმიერ დროს შევიტანოთ ცვლილება წინამდებარე წესებსა და პირობებში. ასევე, შესაძლებელია მოხდეს ვებგვერდის რედიზაინი ან შეიცვალოს სადაზღვევო პროდუქტების პირობები ან ტარიფები. ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება გაცნობოთ იმის შესახებ, თუ რა შეიცვალა ჩვენს ვებგვერდზე. თუმცა, თუ თქვენ შეიძენთ დაზღვევის პოლისს ონლაინ, თქვენ მიიღებთ დაზღვევის პოლისს, რომლის პირობები დარჩება უცვლელად პოლისის მოქმედების ამოწურვამდე ან ჩვენ შორის წინასწარშეთანხმებული ცვლილებების განხორცელებამდე. პოლისზე ასევე დატანილი იქნება ხელშეკრულების პირობები, რომელიც დეპონირებულია ნოტარიუსთან და ცვლილებებს არ ექვემდებარება.

მოქმედი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა

საიტის გამოყენების წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და უნდა განიმარტოს მის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თქვენ ცხოვრობთ თუ არა საქართველოში. ჩვენ წინააღმდეგ მიმართული ყოველგვარი სარჩელი და ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვება ან დაკავშირებულია თქვენ მიერ ჩვენი სერვისებით სარგებლობასთან, ასევე ამ საიტის გამოყენების წესების და პირობების დებულებებთან, თქვენ მიერ უნდა წარედგინოს მხოლოდ საქართველოს სასამართლოებს.

საკონტაქტო ინფორმაცია

ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, რაც უკავშირდება წინამდებარე წესებსა და პირობებს და ვებგვერდზე მითითებულ ინფორმაციას, გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობითი სახით მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი #24ბ, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე (+995 32 242 22 22), ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით: info@tbcinsurance.ge